სტუდენტური გრანტების მეორე ეტაპზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის აღმოჩნდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტების მიერ მომზადებული პროექტი: ,,შეიცან სამცხე-ჯავახეთის ტურისტული ლოკაციის უცნობი ფასეულობები“, რომელიც რეალიზებული იქნა შემდეგი სტუდენტების მიერ: ანა გვენეტაძე (ხელმძღვანელი), გივი ბურდული, ნინო მეხრიშვილი, ანი ჟამუტაშვილი, ვარტუი ოვსეფიანი, რუსუდან ძებისაური, ნინო სულხანიშვილი, პაპუნა ბეჟიტაშვილი, ანზორ გორგაძე და მიხეილ გულიაშვილი. პროექტი განხორციელდა ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის მეთოდოლოგიური და ორგანიზაციული მხარდაჭერით. სტუდენტებს კონსულტაციებს უწევდნენ პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე, რომელიც თან ახლდა სტუდენტებს სამცხე-ჯავახეთში.
პროექტის განხორციელება დაიწყო 1 ივლისს და დასრულდა 30 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მათი ხედვა ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, მით უფრო, რომ საკითხი ეხება სწორედ ახალგაზრდების განწყობის შესწავლას მათთვის მიმზიდველი ლოკაციის შესახებ. ახალგაზრდების სამცხე-ჯავახეთით დაინტერესება ბოლო წლების ტენდენციად იქცა და ეს ნათლად დადასტურდა სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით.
პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მოამზადეს სარეკლამო ბუკლეტი და ვიდეორგოლი, სადაც ასახულია სამცხე-ჯავახეთის მრავალმხრივი ღირებულებები, გამოკვეთილია ძირითადი პრობლემები და კვლევის შედეგების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია სამცხე-ჯავახეთის განვითარების ძირითადი ტენდენციები. ელექტრონული ფორმით მომზადდა პროექტის კვლევის შედეგები და გაეგზავნა თსუ-ს შესაბამის კომისიას.
ყოველივე ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა მომზადება მაღალ დონეზე ხორციელდება.
სტუდენტური პროექტის ვიდეორგოლის სანახავად გადადით ლინკზე:
https://www.youtube.com/watch?v=5ji6see_PwA